როცა მირტყამდნენ თან მეკითხებოდნენ, რატომ ეწინააღმდეგები კანონსო - ინტერვიუ გია ჯაფარიძესთან

09.05.24 15:38
როცა მირტყამდნენ თან მეკითხებოდნენ, რატომ ეწინააღმდეგები კანონსო - ინტერვიუ გია ჯაფარიძესთან

ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მიერ სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი, გია ჯაფარიძე "ტვ პირველთან" გუშინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს - "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარი დეტალურად ყვება, თუ როგორ მოუწყვეს ჩასაფრება მოძალადეთა ჯგუფმა.

გია ჯაფარიძე ამბობს, რომ მასზე თავდასხმა 2-ზე მეტმა ადამიანმა განახორციელა, რომლებიც, სავარაუდოდ, ბეისბოლის ხის ბიტებით იყვნენ შეიარაღებულები.

"როცა დამაგდეს და მირტყამდნენ თან მეკითხებოდნენ, რატომ ეწინააღმდეგები კანონსო" - იხსენებს მკვლევარი და იქვე დასძენს, რომ თავდამსხმელებმა პერიმეტრი უპრობლემოდ, სამართალდამცველების ჩარევის გარეშე დატოვეს.

სახლში დავბრუნდი გვიან და სახლთან მელოდებოდნენ. ზუსტად არ ვიცი, რამდენი იყვნენ, მაგრამ მინიმუმ, ორი იყო. ბეისბოლის ჯოხებივით რაღაც ეკავათ. როცა დამაგდეს არ ვიცი რამდენი მირტყამდა. კანონს რატომ ეწინააღმდეგებიო, ეგეთიც თქვეს", - ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სასტიკი ანგარიშსწორება მოუწყვეს. თავს ორბელიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს, ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძესა და პოლიტიკოსს გიორგი ონიანს დაესხნენ.

ცნობისთვის, საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ლიდერების განხილვის მთავარი ობიექტია. ევროპარლამენტარები და დიპლომატები ერთიმეორეს მიყოლებით ავრცელებენ განცხადებებს.

მსგავსი სიახლეები