საქართველოში დაშინების აქტებმა ახალ დონეს მიაღწია - კრამონი

09.05.24 15:21
საქართველოში დაშინების აქტებმა ახალ დონეს მიაღწია - კრამონი

საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესები სტრატეგიული პარტნიორების განხილვის მთავარი ობიექტია - ამჯერად ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მიერ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისთვის სისხლიანი ანგარიშსწორების ღამის მოწყობას ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება.

ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ მაგინებელი რაზმების მიერ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ დაშინების აქტებმა "სრულიად ახალ დონეს მიაღწია".

საქართველოში მეცნიერების, აქტივისტების და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაშინების ამ აქტებმა სრულიად ახალ დონეს მიაღწია. ისინი არა მხოლოდ ამაზრზენი და არაადამიანურები, არამედ საშიშებიც არიან, რადგან საჯაროდ მოუწოდებენ ინდივიდებზე ძალადობისკენ", - წერს კრამონი.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სასტიკი ანგარიშსწორება მოუწყვეს. თავს ორბელიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს, ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძესა და პოლიტიკოსს გიორგი ონიანს დაესხნენ.

ცნობისთვის, საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ლიდერების განხილვის მთავარი ობიექტია. ევროპარლამენტარები და დიპლომატები ერთიმეორეს მიყოლებით ავრცელებენ განცხადებებს.