ტიპური რუსული და კუნთმაგარი "ტიტუშკები" არიან - პეტრიაშვილი 8 მაისის თავდასხმებზე

09.05.24 16:05
ტიპური რუსული და კუნთმაგარი "ტიტუშკები" არიან - პეტრიაშვილი 8 მაისის თავდასხმებზე

"ტიპური რუსული და კუნთმაგარი "ტიტუშკები" არიან" - ასე უწოდებს ალექსი პეტრიაშვილი ე.წ. სიკვდილის ბრიგადებს, რომლებმაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სისხლიანი ანგარიშსწორების ღამე მოუწყვეს.

დიპლომატი ძალადობრივი ქმედებების უკან ივანიშვილის რეჟიმს ხედავს და ამბობს, რომ განვითარებული მოვლენები მხოლოდ ერთზე, "ქართული ოცნების" შიშზე მეტყველებს.

პეტრიაშვილი ღიად აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე თავდასხმის დამკვეთები და უშუალო შემსრულებლები კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, აუცილებლად ყველა საფეხურზე მყოფი დამკვეთები და შემსრულებლებიც აგებენ პასუხს. ტიპური რუსული "ტიტუშკები" არიან, რომლებიც თავს ესხმიან ასე, ხუთ-ხუთი, შვიდ-შვიდი კაცი ერთ ადამიანს. კუნთმაგარი "ტიტუშკები" - ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სასტიკი ანგარიშსწორება მოუწყვეს. თავს ორბელიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს, ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძესა და პოლიტიკოსს გიორგი ონიანს დაესხნენ.

ცნობისთვის, საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ლიდერების განხილვის მთავარი ობიექტია. ევროპარლამენტარები და დიპლომატები ერთიმეორეს მიყოლებით ავრცელებენ განცხადებებს.